ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი შენიშვნების გათვალისწინების დათქმით დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, კომიტეტის მხრიდან საკითხის მხარდაჭერის წინაპირობა ეხებოდა მუხლს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება.
„დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა შესაძლოა, და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გაუარესდება. ასევე, აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არ აქვს აღებული არც ასოცირების შესახებ შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამიტომ, ეს რეალობა მინდა, რომ გავითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა და ინიციატივა კარგია ერთიანად, თუმცა ამ ნაწილს, რა თქმა უნდა, ვერ ვეთანხმებით და ვერ დავეთანხმებით. იმიტომ, რომ ახლა რეალობა ეს არის.. ადამიანები რამდენიმე სამსახურში, მინიმუმ ორში და ზოგჯერ სამშიც დადიან არა იმის გამო, რომ მათ ჭარბი დრო აქვთ ან ხალისი აქვთ მოჭარბებული, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ძალიან ხშირად აიძულებს, რომ ისინი უფრო მეტად დაიტვირთონ, ვიდრე ერთ სამსახურში ეს იქნებოდა საკმარისი”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
როგორც კანონპროექტის ავტორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ინიციატორები კომიტეტის აღნიშნულ მოსაზრებას გაითვალისწინებენ.
„ამ ზედა ზღვარს მოვხსნით და შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-5 ნაწილიც, რომელიც ამ გადაზღვევას აკეთებდა ცალკეულ პროფესიებისთვის, შეგვიძლია ამ ეტაპზე მოვხსნათ და ისიც უკვე საერთო დღის წესრიგში გადავიტანოთ, როდესაც ამაზე გვექნება საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოვა დრო, როდესაც ჩვენ ცალსახად ვიტყვით, რომ 48 საათზე მეტი ადამიანმა არ უნდა იმუშავოს. ამ მუშაობაში უნდა აიღოს ისეთი ხელფასი, რომ მან თავისი ცხოვრებაც უზრუნველჰყოს და პირადი ცხოვრებისთვის და საკუთარი თვითრეალიზებისთვისაც დარჩეს დამატებითი დრო”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
აღნიშნულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ პროექტი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით უნდა გავიდეს.
საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.
პროექტით, შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.
კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში აკრძალულია ერთზე მეტ სრულ ან/და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე ან/და შემდეგი სრული ან/და არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი [აღნიშნული გულისხმობს სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს].
კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.