ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

დღესვე დაგეგმილია საჩხერის სამედიცინო ცენტრის პერსონალთან შეხვედრა.

„გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს და თვითონ კლინიკას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისთვის და პირველ რიგში იმ კლინიკისთვის, სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი და ემოცია, საჭიროდ ჩავთვალე, რომ აქ ჩატარებულიყო ჩემი ვაცქინაცია. რაც იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივისმიმცემი, როგორც საჩხერის კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე რეგიონისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა აცრის შემდგომ.