ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა. მას ასევე ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის მოწმობა.
ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
მოსამართლე ნანა შამათავამ. პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის საფუძვლად დაასახელა ის, რომ ღუდუშაურმა ბრალდება აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ღუდუშაურის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფს.
„აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დასაცავი პირი აღიარებდა წარდგენილ ბრალს, არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება არის კანონიერი და ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის წინაპირობები, რაც არსებობდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა.
გამოძიების ვერსიით, ღუდუშაურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, შექმნა პირობები, რომ სასწრაფოს მანქანების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში წინასწარ შერჩეულ კომპანიას გაემარჯვა.
ილია ღუდუშაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.
წინასასამართლო სხდომა 24 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.