ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციის გაზრდას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.

პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

პროექტი სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა ექნება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში დახუროს კიდეც.

„მნიშვნელოვანი მოდელი დაკანონდება ამ პროექტების ამოქმედებით, რაც, ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად გაზრდის პაციენტის დაცულობას ჯანდაცვის სისტემაში და ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის ეფექტურ და უსაფრთხო საქმიანობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.