ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ ვახერხებთ რაიმეს გაგებას - ინფექციური ცენტრის შენობაზე

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საავადმყოფის შენობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ცენტრს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ინფორმაციის მიღებას ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან ახერხებენ. გთავაზობთ ცენტრის განცხადებას:

„როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1 ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.

ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.

სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია”, – ნათქვამია განცხადებაში.