„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რაში გამოიხატება ცვლილება, რომელიც უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა, საყოველთაო ჯანდაცვა უწყდებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვე ან მეტია, საზღვარგარეთ იმყოფებიან.
უწყება ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, სიმართლე არ არის.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძის 31 დეკემბრის ბრძანება ეხება ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას – სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის – გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე“. – წერს ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყება ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“. – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.