„სასამართლოს გუშაგის“ თავმჯდომარე, ნაზი ჯანეზაშვილი 4 მოსამართლისთვის ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების გაჩერებაზე ამბობს, რომ „გავლენიანი მოსამართლეები სასამართლოს პირადი მიზნებისთვის იყენებენ”.
„გავლენიანი მოსამართლეები ბედავენ და სასამართლოს იყენებენ იმ პირადი მიზნისთვის, რომ მათი ქონებრივი დეკლარაციები არ გადამოწმდეს. ამით მათ მიერ მოპოვებულ სიმდიდრესთან დაკავშირებით კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება.
ცალკე საკითხია, რატომ და როგორ ასრულებს გავლენიანი მოსამართლის მითითებებს საქმის განმხილველი მოსამართლე – შანტაჟით თუ სიხარულით? ანგარებით თუ ენთუზიაზმით?
უფრო მეტად გვარწმუნებენ იმის აუცილებლობაში, რომ: საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს ახალი მექანიზმით, ევროკავშირის პირობების შესაბამისად“, – აღნიშნავს ჯანეზაშვილი.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა – კერძოდ, საუბარია მიხეილ ჩინჩალაძეზე, ლევან მურუსიძეზე, სერგო მეთოფიშვილსა და ვასილ მშვენიერაძეზე.
ორგანიზაციის ცნობით, ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მათი თქმით, მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება.
12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს.