იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს.
ნაზი ჯანეზაშვილი პროცედურულ დარღვევებსა და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს.
„კანონით არის დადგენილი ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარსა და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. პლუს ამას, მნიშვნელოვანია ის, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებაში, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
მეორე, დარღვევები შეეხება ინტერესთა კონფლიქტს. ეს ინტერესთა კონფლიქტი როგორც უკვე აღვნიშნე, შეეხება დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც მონაწილეობს იმ კონკურსებში, სადაც ის აფასებს თავის კონკურენტებს. ეს არის ცალსახად სერიოზული პრობლემაა, ჩემი აზრით, და არ უნდა ჰქონდეს მას ამისი უფლებამოსილება, რომ თავისი კონკურენტები შეაფასოს.
მისი ცოლისძმა არის, რომელსაც უნდა, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მისი ბიძაშვილი, რომელიც ახალია. ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს და ქვეყანას უნდა დარჩეს შანსი, რომ უზენაეს სასამართლოში შევიდნენ ღირსეული და გამოცდილი კადრები“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 80-მდე განცხადებიდან საბჭომ 11 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და განსახილველად პარლამენტს წარუდგინოს.