ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. „ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო“ – ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და სისტემის ძირითად გამოწვევებსა და ხარვეზებს წარმოადგენს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2013 წლიდან დღემდე საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში გაიზარდა, თუმცა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯი, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდა.
ანგარიშში, საქართველოს კონტექსტში, რამდენიმე ძირითადი გამოწვევაა გამოყოფილი: სუსტი ფინანსური დაცვა, პირველადი ჯანდაცვა, ექთნების მწვავე დეფიციტი და არაგადამდები დაავადებების გავრცელება.
ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რაოდენობა 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.
„შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს. პირველადი ჯანდაცვის უახლესი რეფორმა ითვალისწინებს მულტიდისციპლინური ჯანდაცვის გუნდების ქსელზე გადასვლას, ექთნებისა და სოციალური მუშაკების როლის ზრდით.“
ქვეყნის დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია
ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებს სიკვდილიანობისა და ავადობის მაღალ მაჩვენებელს.
„საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა (აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს, რომელიც 33.4%-ს შეადგენდა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, სათანადო მართვის არარსებობის შემთხვევაში. ანალოგიურად, იზრდება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა.
ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია კვებითი რისკი, პლაზმური გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე და ჭარბი წონა. წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში.
„თუმცა, საქართველომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აქცია და პოლიტიკის წარმატებული გატარების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირდა 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში შემცირდა 90%-ით“. – ვკითხულობთ ანგარიშში.