ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, საქართველოში, მიუხედავად ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯანდაცვის ხარჯისა, მოქალაქეებს ტვირთად აწევთ თავიანთი ჯიბიდან გადახდილი ჯანდაცვის ხარჯი – ამის შესახებ ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანმოს ანალიზის თანახმად, 6-დან 1 ოჯახს კატასტროფული დანახარჯის გაწევა უწევს. ჯიბიდან გადახდა განსაკუთრებით ტვირთად დააწვა შედარებით ღარიბ ოჯახებს.
„მონაცემებმა აჩვენა, რომ რეფორმებს არ გააჩნდა საკმარისი მოცვა ამბულატორიული მედიკამენტებისთვის, რაც ძირითადი გამომწვევია კატასტროფული ჯიბიდან გადახდებისა“, – აღნიშნავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი ჯანმრთელობის დარგში.
ჯანმოს ანალიზის მიხედვით, საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია გაღარიბებისა და ჯანდაცვაში გადახდილი კატასტროფული ხარჯის რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პირველ რიგში ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული მოცვით არის განპირობებული.
„მედიკამენტებზე ჯიბიდან მაღალი ხარჯვა ასევე უკავშირდება ფასების რეგულირების ნაკლებობას, ექიმების მიერ ბრენდული წამლების ხშირ რეკომენდებას და საცალო აფთიაქებში დაბალი ღირებულების გენერიკების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას. მედიკამენტების ფასი მაღალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და აფთიაქების მოგების მარჟა (ხშირად 100%-ზე მეტი) მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ზღვარს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მომსახურების ფასების მკაცრი რეგულირებისა და მომსახურების მოცულობის მაკონტროლებელი მექანიზმების არარსებობა, საავადმყოფოების საქმიანობაზე დაფუძნებულ დაფინანსებასთან ერთად ხელს უწყობს ზედმეტ მკურნალობას და უფრო ძვირადღირებული მომსახურების გამოყენებას, რითაც ხარჯები შინამეურნეობებზე გადადის.
„პირველადი ჯანდაცვისადმი ნდობის ნაკლებობა, რაც ზრდის ჯიბიდან გადახდას თვითმკურნალობის ან რეფერალური სისტემების გვერდის ავლით სპეციალისტების მონახულების შედეგად“, – წერია ანგარიშში.
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამბულატორიული მედიკამენტები ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მამოძრავებელია, რაც განპირობებულია შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალ ფასებით.
„უღარიბეს კვინტილში, ჯანმრთელობის კატასტროფული ხარჯის დაახლოებით 90% შეიძლება დაკავშირებული იყოს მედიკამენტების საფასურის ჯიბიდან გადახდასთან. უმდიდრესი კვინტილისთვის, კატასტროფული ხარჯვის მთავარი მამოძრავებელი სტაციონარული მომსახურებაა; უმდიდრესი შინამეურნეობები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 2017 წელს ამოიღეს და როგორც ჩანს, კერძო სამედიცინო დაზღვევა ვერ უზრუნველყოფს საკმარის დაცვას. სტომატოლოგიური მომსახურება არ იწვევს კატასტროფულ ხარჯვას, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეღავათების პაკეტში, რაც, სავარაუდოდ, განაპირობებს სტომატოლოგიური მომსახურების დაუკმაყოფილებელი საჭიროების მაღალ ხარისხს“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში წერია, რომ ჯანმრთელობის სერვისის ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა, პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისრონ, ასევე ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდას სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისთვის. არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ, დაადგინონ თავიანთი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ განსხვავების გადახდა ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მომსახურების ფასების მკაცრი რეგულირების ან მომსახურების მოცულობის კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში მთავრობა ეყრდნობა მოცვის პოლიტიკას ჯანდაცვის ხარჯის ზრდის მართვის მიზნით, რის შედეგადაც ხარჯი შინამეურნეობებს აწვება და ზრდის მათ ფინანსურ გაჭირვებას – მით უფრო, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსური სტიმულები აიძულებს ხალხს გამოიყენონ უფრო ძვირი სერვისები.