ჯანმომ „სინოვაკი“ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა

პუბლიკა

ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება ჯანმომ სტრატეგიული რჩევების ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) ექსპერტების შეფასების საფუძველზე მიიღო.

„ჯანმომ დღეს „სინოვაკ-კორონავაკ“ ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის ვალიდურად სცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და წარმოების კუთხით“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

„როიტერსის“ მიხედვით, ჯანმოს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების შემდეგ, „სინოვაკის“ ვაქცინა ყველა სრულწლოვანი ადამიანისთვისაა დაშვებული და ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ის ორ დოზას მოიცავს, რომლებიც 2-4 კვირის შუალედით კეთდება.

„სინოვაკი“ მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც ამ სიაში მოხვდა, მანამდე, 7 მაისს, აგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში „სინოფარმი“ მოხვდა. „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ გარდა, სიაშია ასევე ამერიკული, გერმანული და ბრიტნაული ვაქცინები – „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონ & ჯონსონი“ და „მოდერნა“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის „სინოვაკის“ 100 000 დოზა აქვს. ვაქცინა ქვეყანამ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო, მას შემდეგ, რაც ამავე რაოდენობის „სინოფარმის“ ვაქცინა შეიძინა.