ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში პნევნონიით დაავადებული ყოფილი პაციენტის ძველ ნიმუშში კორონავირუსი აღმოაჩინეს, ქვეყნებს ძველი საეჭვო ნიმუშების ხელახალი კვლევისაკენ მოუწოდა.
თავდაპირველად Covid-19-ის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 31 დეკემბერს აცნობა. აქამდე გავრცელებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, ვირუსი ევროპის ტერიტორიაზე იანვრამდე არ იყო გავრცელებული, თუმცა გუშინ გასაჯაროვებული კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ საფრანგეთში პნევმონიით დაავადებულ პაციენტს კორონავირუსი უკვე 27 დეკემბერს ჰქონდა.
„ეს აბსოლუტურად სხვა სურათს გვაძლევს”, – განაცხადა ჯანმოს სპიკერმა ქრისტიან ლინდმაიერმა გაეროს ბრიფინგზე.
„ეს მიგნებები გვეხმარება ვირუსის პოტენციური ცირკულაციის უკეთ გაგებაში”, – განაცხადა ლინდმაიერმა და დასძინა, რომ სხვა ძველი ნიმუშების ხელახალმა კვლევამ შესაძლოა უფრო ადრეული შემთხვევებიც გამოავლინოს.
ფრანგულ ჰოსპიტალში პნევმონიით დაავადებული ყოფილი პაციენტების ნიმუშების ხელახალი ტესტირების შემდეგ, რომელსაც რეანიმატოლოგი ივ კოენი ხელმძღვანელობდა, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილი პაციენტებიდან ერთ-ერთს კორონავირუსი ჰქონდა. ინფიცირებული პაციენტი პირველად საავადმყოფოში 27 დეკემბერს მიიღეს, საფრანგეთში პირველი დადასტურებული ინფიცირების გამოვლენამდე ერთი თვით ადრე.
რეანიმატოლოგის აზრით, ჯერ კიდევ ადრეა იმის დადასტურებით თქმა, რომ 27 დეკემბრის პაციენტი პირველი ინფიცირებული ადამიანი იყო საფრანგეთში.
იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ჩინეთთან არანაირი კავშირი არ დაუდგინდა და არც უახლესი მოგზაურობის ისტორია გააჩნდა, მკვლევრები აცხადებენ, რომ ვირუსი საფრანგეთში დეკემბრის მიწურულს უკვე ცირკულირებდა.
საფრანგეთში, სადაც ვირუსის შედეგად 1 მარტიდან 25 000 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა 24 იანვარს გამოვლინდა.
ლინდმაიერმა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა პნევმონიით დაავადებული ყოფილი პაციენტების ნიმუშების ხელახალი კვლევისკენ, რაც, მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შესახებ ახალ სურათს მოგვცემს.