ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებული საბჭო „სინოვაკის“ შედარებით ადრეულ გამოყენებას მთავრობასთან განიხილავს.
„საბჭომ იმსჯელა ასევე „სინოვაკის“ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე. როგორც მოგეხსენებათ „სინოვაკის“ 100 000 დოზა ქვეყანამ ჩინეთის მთავრობისგან დონაციის სახით მიიღო. ჯერჯერობით „სინოვაკის“ გამოყენება არ ხდება, რადგან დათქმა, რა პირობითაც ქვეყანაში „სინოვაკი“ შემოვიდა, იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის. ჯერჯერობით, არ არის „სინოვაკთან“ მიმართებაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა სტრატეგიული ექსპერტების შუამდგომლობა არსებობს, შუალედური და ძალიან კარგი დასკვნა „სინოვაკის“ შესახებ. ამ დასკვნის საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროება მაღალია იმუნიზაციის საბჭომ და ასევე ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ „სინოვაკის“ შედარებით ადრე გამოყენების თაობაზე მთავრობასთან განხილვას მხარი დაუჭირა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია „სინოვაკთან“ მიმართებაში, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება, მაგრამ თუ მაისის ბოლომდე არ დასრულდა და ეპიდემიური საჭიროებიდან „სინოვაკის“ უფრო ადრეული გამოყენება დაგვჭირდა, ამ საკითხს მთავრობასთან დავაყენებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.