ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეპუტატმა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია პარტიის წევრებმა გაავრცელეს. ენმ-ის რამდენიმე დეპუტატი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

„ჩვენს ერთ თანამებრძოლს, აბდულა ისმაილოვს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ტემპერატურა ჰქონდა მაღალი და ექიმების, ჩვენი რჩევა იყო, მას შეეწყვიტა შიმშილობა. რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მებრძოლებს, ანიც, თემურიც და დათოთ თავს გრძნობენ ჯანმრთელად, შემართებით არიან იმ მიზნისთვის საბრძოლველად, რასაც ემსახურება მათი ეს პოლიტიკური აქტი. პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ, იქნება ეს ჩვენი მეგობრების შიმშილობა, თუ აქციები“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატმა 15 დეკემბერს გამოაცხადა შიმშილობა. ამ დროისთვის შიმშილობს სამი დეპუტატი: ანი წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია. კირკიტაძის თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.

ანი წითლიძემ დღეს განაცხადა, რომ შიმშილობას გააგრძელებენ იქამდე ვიდრე არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა.

„შიმშილობის მეოთხე დღეა და გავაგრძელებთ, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, რადგან არ შეიძლება, ჩვენ ვუყუროთ პრეზიდენტის მკვლელობას და ვიყოთ გულგრილი. ჩვენ არავის მოვუწოდებთ შიმშილობისკენ, გვესმის, რამდენად მძიმე არის პროტესტის ეს ფორმა. თავისი ბრძოლის ველი აქვს ყველას და მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, რომელიც ახლა ქუჩაში ატარებს აქციებს, ვინც რაღაც ფორმით მაინც აქტიურობს, გამოხატავს პოზიციას. ამიტომაც არ არის აუცილებელი, ყველა დაჯდეს საშიმშილოდ, ყველას შეუძლია, აირჩიოს წინააღმდეგობის ის ფორმა, რომელსაც ჩათვლის, რომ მნიშვნელოვანია. მთავარია, მიზანი ერთია და ის ყველას გვაერთიანებს. მიზანი არის, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მკვლელობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.