„ჯანმრთელობის უფლება ყველას, პაციენტების ხმა არ გაჩუმდება“ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომ ინოვაციურ მედიკამენტებს, კვლევებს და მკურნალობის თანამედროვე სახელმძღვანელოებს.
მათი განცხადებით, გასულ წელს მინისტრისგან მხოლოდ დაპირებები მოისმინეს. ისინი განცხადებით მიმართავენ მიხეილ სარჯველაძეს, გაიმართოს ღია შეხვედრა ონკოპაციენტებთან ექსპერტებისა და მედიის ჩართულობით, სადაც დაპირებების ნაცვლად ქმედით ნაბიჯებზე იმსჯელებენ.
„წელიწადზე მეტია, ონკოპაციენტებისთვის მოვითხოვთ მედიკამენტებს, კვლევებსა და სიცოცხლის უფლებას. სახელმწიფო შეგვხვდა და ამ შეხვედრებზე იყო მხოლოდ დაპირებები. გვჭირდება ქმედებები, დაპირებები არ შველის ონკოპაციენტებს, გვჭირდება ინოვაციური მედიკამენტები, კვლევებზე ხელმისაწვდომობა, გვჭირდება ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის პალიატიური სერვისები და ტკივილის მართვის გაიდლაინები.
ძალიან ბევრი პაციენტი დავკარგეთ წინა წელს, 5 700 ადამიანი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი დაგვპირდა, რომ გამოასწორებდა ყველაფერს. ონკოლოგიური დაავადება არის სიკვდილიანობის გამოწვევის მეორე მიზეზი საქართველოში. უნდა გატარდეს რეფორმა, ვითხოვთ მედიკამენტებს, კვლევებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
დღეს კიდევ ერთხელ შევიტანთ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის სახელზე და მოვითხოვთ ღია შეხვედრას ექსპერტებისა და მედიის ჩართულობით. ამ შეხვედრებზე იგივე არ უნდა განმეორდეს, რომ მხოლოდ დაპირებები გაიცეს და პაციენტებისთვის არაფერი არ გაკეთდება“, – განაცხადეს აქციაზე.
ონკოპაციენტების აქციის პარალელურად „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ მედიის შეკითხვებს უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ თქვა, რომ შეხვედრა პრობლემა არასდროს ყოფილა და „არ შეიძლება ეს პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს შეხვედრა ან არშეხვედრა“.
მისი თქმით, სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით აქტიურია.
მან მოიშველია ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი და აღნიშნა, რომ „ასეთ ინიციატივებს, რომლებიც უკავშირდება ცალკეულ გაუმჯობესებებს, ისედაც ყოველგვარი, ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას აქცევენ“.
„შეხვედრა არც არასდროს არც პრობლემაა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა ან არშეხვედრა.
არ მგონია, რომ ჯერ ერთი, ონკოლოგიაა ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა აფიქსირონ, ეს ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით, ესეც უნდა ვთქვათ. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარს, ალბათ უნდა ითქვას კონკრეტულად რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ იქნას მიღებული სწორი მიმართულებით.
მე მგონია, რომ საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მე მგონია, რომ ამ კუთხით რიცხვები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თუკი რამდენიმე წლის წინ 50 მილიონს არ აჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ის თითქმის 300 მილიონს უტოლდება.
მე მგონია, რომ ეს თვალსაჩინოა საზოგადოებისთვის ისედაც და ასეთი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ცალკეულ გაუნჯობესებებს, ბუნებრივია, ამას მუდმივად ისედაც ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას ვაქცევთ.
ეს ხალხი, ვინც შეიძლება, არ ვიცი ზუსტად, იმყოფებიან თუ არა, მაგრამ იმყოფებოდნენ შეიძლება იმ აქციაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მათ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ამ შეხვედრებს ისედაც, როდესაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე ითხოვენ, ისედაც ყოველთვის იღებენ. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ, ჩვენი სამინისტროს კარი ამ თვალსაზრისით ყოველთვის ღია გახლავთ“, – თქვა სარჯველაძემ.