ვლადიმერ პუტინი დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შემთხვევაში „ტრაგიკული შედეგებით” იმუქრება და დასავლეთს აფრთხილებს, რომ აქვთ ისეთი იარაღები, რომლებითაც მათ ტერიტორიებზე დარტყმას შეძლებენ.
„დასავლეთი ტყუილებს აგრძელებს. ამბობს, რომ რუსეთი ევროპას დაესხმება თავს. ეს აბსურდია. იყო საუბარი NATO-ს მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც კონტინგენტები გამოგზავნა. ახლა ინტერვენციის შედეგები უფრო ტრაგიკული იქნება. ჩვენც გვაქვს ისეთი იარაღები, რომლებითაც მათ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმა შეგვიძლია”, – განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხონ. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ნაბიჯზე კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.
მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე დასავლეთის ჯარებთან დაკავშირებით საკითხი ძალიან „თავისუფლად და პირდაპირ” განიხილეს – ის აღნიშნავს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის გამოსადეგია”.
Politico-ს ცნობით, პირველად საკითხზე საჯაროდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ NATO-სა და EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. მის განცხადებას ჩეხეთის პრემიერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩეხეთი ნამდვილად არ გეგმავს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში და ამაზე „არავინ არ უნდა ინერვიულოს”.
სლოვაკეთის პრემიერის განცხადების საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.