„ჯარების გაყვანა", „NATO-ზე უარის თქმა" | პუტინი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე საუბრობს

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან ჯარს გაიყვანს და ოფიციალურად უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე.

პუტინმა ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ. აქვე, ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების იმ ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინაში შესვლის მომენტისთვის არსებობდა.

როგორც კი კიევში განაცხადებენ, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად განაცხადებენ NATO-ში გაწევრების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმ წუთასვე, გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას.

ბუნებრივია, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ უკრაინული დანაყოფების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა პუტინმა.