„გამჭირვალობა საქართველო“ 20-21 ივნისს დაკავებული აქტივისტების მიმართ სასამართლოს მხრიდან გამოყენებული სანქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ სასამართლომ სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმა გამოიყენა და იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ.
ორგანიზაციის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება, ძირითადად, მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება.
„იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მტკიცებულებებად ვიდეომასალები წარადგინეს, ძირითადად, მათზე დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი არ იყო აღბეჭდილი.
აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა ან უმრავლეს შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება. ჯარიმის ოდენობა, ძირითადად, 1000 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს.“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
TI-ის თქმით, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.
„საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე აქციებში მონაწილე დემონსტრანტები ხშირად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები არიან, შესაძლოა, მივიჩნიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დემონსტრანტებს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება. იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, სასამართლოს მხრიდან მსგავსი სანქციების განსაზღვრა შესაძლოა, მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, რომ ჯარიმის გამოყენებას მოჰყვეს მსუსხავი ეფექტი, რათა დასუსტდეს საპროტესტო მოძრაობა და მომავალში საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა თავი შეიკავოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან.“ – ნათქვამია განცხადებაში.