მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრონ გამოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, – ამის შესახებ რეკომენდაციებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC) ავრცელებს.
მათი ცნობით, საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც შსს-ში, ისე პირდაპირ სასამართლოში, მითითებული ვადის დაცვით.
„ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უკანონოდ არის გამოწერილი ჯარიმები, საგანგებო მდგომარებით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის გამო; ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ან/და სხვა უკანონო ქმედება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამდნენ პრეტენზიას მათ მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალაც, სადაც იკვეთება შსს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება და გამოავლინოს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, უზრუნველყოს ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლი, რათა საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღიკვეთოს და არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნებს, რათა შესრულდეს ამ შეზღუდვების მიზანი – მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.