საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მომავალ არჩევნებზე, კორონავირუსზე და ამ ფონზე, ჯარის, სამართალდამცველებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დისკრედიტაციაზე საუბრობს.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა ამ სტრუქტურების დაცვა. ზურაბიშვილმა „მიზანმიმართულ მცდელობად“ შეაფასა აღნიშნული სტრუქტურების პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენება. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებასა და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.
„ჯარზე ერთი პირის გამო და ვინც უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია, დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე, მით უმეტეს ქვეყანაში, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!
სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებით და რეპუტაციით სარგებლობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა:
„ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე გამჭვირვალედ, მშვიდად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება; მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი. ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია – თქვენი, ჩემი. და ბოლოს, მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს. წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.