ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევში 1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. დე ფაქტო უწყების განცხადებით, მას ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ აფხაზეში ჯაშუშობა ედება ბრალად.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ქრისტინე თაკალანძე ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო სამხედრო და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონით დაცული სხვა საიდუმლოების შეგროვებას.

ეს მისცემდა ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთის უსაფრთხოების, კონსტიტუციური წესრიგისა და სუვერენიტეტის საზიანოდ გამოყენების შესაძლებლობას.

https://youtu.be/Z0wGy_7xnf0

როგორც დე ფაქტო უწყების გავრცელებული მასალებიდან ჩანს, ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს, 25 ივლისს კი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

თუმცა, ვიდეომასალაში, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა, მტკიცებულებების სახით ამოღებულ ნივთებს შორის დაკავებულის საბუთები, საბანკო ბარათები და წერილი ჩანს, რომელშიც მას სავარაუდოდ, გალში ან ზუგდიდში ერთ-ერთი მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით”, – აცხადებს სუსი.