საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
„2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი.
ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში“, – წერს გოჩა ჯავახიშვილი Facebook-ზე.
გუშინ, 14 სექტემბერს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნებამ” მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შეეხო „თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე.” – თქვა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.” – თქვა ივანიშვილმა.