ჯავშნის სტატუსზე SMS-ს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში Pfizer-ის 500 000 დოზა დღეს შემოვა და შესაძლებელი იქნება ვაქცინაზე დარეგისტრირება, მათ შორის, მეორე დოზისთვის.

ტიკარაძის თქმით, რაც მთავარია, მათმა IT სამსახურმა აღმოფხვრა პრობლემები და განაახლა ვებგვერდი, რომელიც  Pfizer-ის ვაქცინაზე პირველი რეგისტრაციის დროს გაითიშა, შემდეგ კი შეფერხებებით მუშაობდა და მოქალაქეებს ვაქცინაზე დარეგისტრირებაში ხელი შეუშალა.

„მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რომ შესაფერისად დავხვედროდით ამ დოზების ადმინისტრირებას და ყველა მოქალაქეს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა.

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა ამასთან დაკავშირებით და როგორც დღეს ჩვენი IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, პირველი რეგისტრაციის დროს 12 000 ჯავშანზე 120 000 მსურველი იყო და მსურველთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია შეფერხება. თუმცა, დღეს განახლდა პორტალის ელექტრონული მოდული და შეფერხებები მოსალოდნელი არ არის.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, ამასთან მოქალაქეები ჯავშნის სტატუსზე შეტყობინებას არა მაშინვე, არამედ 24 საათის განმავლობაში მიიღებენ, რამაც ვებგვერდის შეუფერხებელი მუშაობა უნდა უზრუნველყოს.

„წინასწარი ჯავშნის შესახებ, საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში. ამ კომპონენტშიც IT სამსახურის რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. თქვენ როგორც იცით, აქ მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება. IT პროგრამაში დაშვებული იყო რამდენიმე შეცდომა, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითოეულ პროგრამასთან მიმართვა და ეს გამტარუნარიანობას აფერხებდა.

ახლა ეს დრო არის იმ კანონზომიერებით, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობას. ასევე უქმნის კომფორტს IT სამსახურს, რომ ყოველგვარი შეცდომის გარეშე, ვინაიდან, რამდენჯერმე მისდიოდათ მესიჯი ან ის გაურკვეველი იყო, ეს არ მოხდეს და გადამოწმებული ინფორმაცია მიუვიდეთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, შეტყობინებების მისვლის ვადის გაზრდამ, IT სამსახურის განმარტებით, ვებგვერდის დატვირთვა უნდა შეამციროს. იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქეები რეგისტრაციაზე უარყოფით პასუხს მიიღებენ, გადამოწმება ცხელ ხაზზე შეეძლებათ.