ჯეი დი ვენსმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა და აზერბაიჯანში გაემგზავრა

პუბლიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა და აზერბაიჯანში გაემგზავრა. ვენსი აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელის სომხეთს ესტუმრა, ასევე აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც ოდესმე სომხეთში ჩასულა.

წასვლამდე ის ესტუმრა სომეხთა გენოციდის მემორიალს და ის ყვავილებით შეამკო.

მოგვიანებით, აეროპორტში, ჟურნალისტმა ვენსს ჰკითხა, თუ რატომ მიიჩნია მნიშვნელოვნად სომხეთის გენოციდის მემორიალის მონახულება. მან უპასუხა, რომ ხვალ ასევე ეწვევა „აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ადგილს“, ხოლო მემორიალის მონახულება სომხურმა მხარემ სთხოვა, ვინაიდან მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ეს არის ძალიან საშინელი ფაქტი, რომელიც ას წელზე ცოტა მეტი ხნის წინ მოხდა, და რაღაც ისეთი, რაც მათთვის კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, გადავწყვიტე, რომ როგორც მსხვერპლთა, ისე სომხეთის მთავრობისადმი პატივისცემის ნიშნად, რომელიც ჩვენთვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მივსულიყავი და პატივი მიმეგო“.

ვენსმა სომხეთში ვიზიტის დროს დააანონსა ბირთვული ენერგიის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

მან და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მიღწეულია შეთანხმება 11 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებაზე ამერიკული წარმოების V-BAT-ის ტიპის სადაზვერვო დრონების შესახებ. ეს სომხეთისთვის ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა და აშშ-მა დაასრულეს მოლაპარაკებები სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის შესახებ „123 შეთანხმებაზე“ – დოკუმენტზე, რომელმაც მისი თქმით, შესაძლოა ენერგოუსაფრთხოებაზე 9 მილიარდ დოლარამდე დანახარჯი განაპირობოს. მან ხაზი გაუსვა ახლად შემუშავებული მცირე მოდულური რეაქტორების ტექნოლოგიის გამოყენებას სრულმასშტაბიანი სადგურის ნაცვლად და დასძინა, რომ სომხეთი არის „ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყანათაგანი“, სადაც აშშ თავს საკმარისად თავდაჯერებულად გრძნობს ამ ტექნოლოგიის დასანერგად.

გარდა ამისა, ვენსმა მიუთითა აშშ-ის მიერ გაცემულ საექსპორტო ლიცენზიებზე მაღალი სიმძლავრის NVIDIA-ს ჩიპებისთვის, რომლებიც სომხეთში ხელოვნური ინტელექტის (AI) ცენტრებს მოემსახურება. მისი თქმით, ეს არის ჩიპები, რომლებიც „ქვეყნების უმეტესობაში უბრალოდ არ არსებობს“.

ვენსმა ქვეყანას ურჩია მომავალი კეთილდღეობისკენ მშვიდობის დამყარებით იარონ, ნაცვლად იმისა, რომ „ზედმეტად იყვნენ ფოკუსირებულნი წარსულზე.

9 თებერვალს, ვენსის ფაშინიანთან შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა აქცია აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული სომხების გათავისუფლების მოთხოვნით.

აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ისიც ჰკითხეს, აპირებს თუ არა ბაქოში დაკავებული სომეხი ტყვეების გათავისუფლების საკითხის განხილვას.

ვენსმა უპასუხა:

„ეს საკითხი აუცილებლად დაისმება. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან. გუშინ მოვისმინე პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი სამშვიდობო ხელშეკრულების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ სად ვართ ახლა რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად წამოვჭრით არაერთ თემას, თუმცა ვფიქრობ, რომ კვლავაც ძალიან წარმატებით გავაგრძელებთ მუშაობას როგორც აზერბაიჯანელებთან, ისე სომხებთან“.

ჯეი დი ვენსი კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში არ ჩავა საქართველოში, რომელიც წარსულში რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო.

აშშ-საქართველოს ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ის ელჩის მიმართ მტრული განცხადებების გაკეთება დაიწყო, მიიღო რეპრესიული კანონები, დასავლეთს ზურგი აქცია და სასტიკად გაუსწორდა პროტესტის მონაწილეებს, ასევე, დაუახლოვდა ჩინეთს და მასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თბილისის დემოკრატიული უკუსვლისა და პრორუსული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ხოლო 2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა.