ჯეო ჰოსპიტალსი მარნეულში ინიფიცირებული პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„ჯეო ჰოსპიტალსი” მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის სამედიცინო შემოწმების შესახებ ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლინიკას 62 წლის პაციენტმა 18 მარტს თვითდინებით მიმართა. რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე, მას ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა მძიმე თანმხლები დაავადებები: გადატანილი აორტო-კორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი 20-წლიანი ანამნეზით, 4 წლის წინ გადატანილი იშემიური ინსულტი.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პერსონალმა აღნიშნული შემთხვევა მაშინვე ჩათვალა კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად და პროტოკოლის სრული დაცვით მაშინვე შეატყობინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.

„ადგილობრივი ეპიდემიოლოგებისა და კლინიკის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა პაციენტის გამოკითხვა და ინფორმაცია შემთხვევის შესახებ მიეწოდა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრებს.

პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით.

2020 წლის 21 მარტს პაციენტს განუვითარდა მძიმე მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და საჭირო გახდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს. იმავე დღეს, 2020 წლის 21 მარტს, განხორციელდა პაციენტის ბიოლოგიური მასალის აღება COVID-19-ზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით, ხოლო 2020 წლის 22 მარტს დაისვა COVID-19-ის დიაგნოზი.

ეპიდემიოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა. თუმცა, პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მართვისას დაცული იყო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებები (შესაბამისი COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების მართვისათვის), კონტაქტირებულ პირებზე (ინტენსიური თერაპიის პაციენტები, სამედიცინო პერსონალი) დაწესდა მეთვალყურეობა და ისინი გადავიდნენ კარანტინის ან თვითიზოლაციის რეჟიმში.

ამავდროულად, აღნიშნულ პირებს 2020 წლის 23 მარტს ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა COVID-19-ის იდენტიფიცირებისათვის (სულ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 თანამშრომელს და 16 პაციენტს), ყველა კვლევის შედეგი არის უარყოფითი.
მძიმე თანმხლები დაავადებებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, 2020 წლის 22 მარტს მართებულად ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის~ მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გამოცხადდა კარანტინის ზონად. ამ ეტაპზე დაწესებულება არის მზადყოფნაში, უზრუნველყოს COVID-19 შემთხვევების მართვა საველე ჰოსპიტალსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში”, – აღნიშნულია „ჯეო ჰოსპიტალსის” განცხადებაში.