ჯერ დაკავებული არავინ არის, დაწყებულია გამოძიება - შსს

პუბლიკა

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან მარნეულში მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. უწყების წარმომადგენლის თქმით, ენმ-ის წარმომადგენელის ლაშა ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

ჯეიხუნ მუჰამედალის ცემის ფაქტზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას გულისხმობს. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება „პირველი არხის“ ოპერატორის ცემის ფაქტზეც.

„მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა/ დაკავების მიზნით.“ – განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გოგნიაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ჯერჯერობით სრული ინფორმაცია გამოძიება არ აქვს და ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის.

მარნეულში ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის თქმით, მარნეულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის აქტივისტებს დაესხნენ თავს.

ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, პარტიის წარმომადგენლები მანქანაში ისხდნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელთა შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსაც.

„არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები”, – წერს „მთავარი არხი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით კი, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.