ჯერჯერობით, არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი - შსს

პუბლიკა

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

„გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რადგან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები და საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა დამატებით კიდევ ერთი- ძალადობის მუხლი და დღეის მდგომარეობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის მუხლებით“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად შესაბამისი მტკიცებულებების შეკრების შემთხვევაში, ბორცვაძის თქმით, სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გამოძიება არის რთული პროცესი და ერთ დღეში არ შეიძლება დასრულდეს. ამ საქმეზე ჩასატარებელია კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია ათეულობით მოწმე დამატებით და შემდგომ ის პირები, ვინც ჯერ-ჯერობით გამოკითხული არ არის. ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა, შესაბამისად, ერთ დღეში და ორ დღეში გამოძიება შედეგს ვერ დადებს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.