ჯერჯერობით მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის - სააკაშვილის ექიმი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს.

„ბოლოს რომ ვნახე, ახლა უარესს მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს და გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე“, – თქვა ექიმმა.

მისი თქმით, სააკაშვილი მხნედ არის და გახარებულია 14 ოქტომბრის აქციის გამო.

„ჯერჯერობით მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ დადგება ეს მომენტი. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია“, – აღნიშნა ექიმმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს შიმშილობას და ბოლომდე იბრძოლებს.


გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

1 ოქტომბერს სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.