სამოქალაქო ჯგუფები: „ოცნების" აქციის პარალელურად, 17:00 საათზე ვაკის პარკში შევიკრიბებით

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული სამოქალაქო და სტუდენტური მოძრაობები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ დაპირისპირებას, აქედან გამომდინარე, ხვალ, 29 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი კონტრაქციის პარალელურად, 17:00 საათზე ვაკის პარკში შეიკრიბებიან.

განცხადებას ავრცელებენ: „ტალღა”, „ჯიუტი”, „კარი”, „მწვანეები”, „ფემინა” და „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”.

„ჩვენ, გარდა ჩვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა, ვუერთდებით ყველა იმ აქციას და ღონისძიებას, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგაა მიმართული. აქციები იქნება უწყვეტი და გაგრძელდება მანამდე, სანამ რუსული ხელისუფლება არ გაიწვევს რუსულ კანონს.

დღეს, 19 საათზე ვუერთდებით ღონისძიებას რესპუბლიკის მოედანზე კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.

ამიტომ, ხვალ, 29 აპრილს, სამთავრობო აქციის და პარლამენტის სხდომის პარალელურად, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში არა რუსულ კანონს – წინააღმდეგობა და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას. თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს.

30 აპრილს, 19 საათზე ასევე ჩანიშნულია აქცია პარლამენტის წინ – არა რუსულ კანონს მეორე მოსმენა.

გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ხელისუფლების სამოქმედო გეგმის შესახებ, დღის განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. გთხოვთ თვალყური გვადევნოთ ჯგუფში ტალღა . Talgha და ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების სახელით, განცხადება გაკეთდა და აღინიშნა, რომ 29 აპრილს, „ოცნების” კონტრაქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი აქტივობა არ იქნება.


„არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი“, – დღეს, 28 აპრილს სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.

აქციას, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება, უერთდებიან საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები.

29 აპრილს კი „ქართული ოცნება” კონტრაქციას აწყობს. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა „მცირეა” და ისინი „რადიკალური ოპოზიციის” მიერ არიან შეცდომაში შეყვანილი.