პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ბექა დავითულიანი ომბუდსმენის მიერ შექმნილი ჯგუფის სამედიცინო დასკვნას ეხმაურება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმების სტატუსებს რომ გაეცნო, გაუჩნდა ეჭვი მათ სუბიექტურობასთან დაკავშირებით.
„პენიტენციური სისტემა წარმოადგენს ამ მომენტში და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს იმ უწყებას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა. მე კი არ ვენდობი, მე ვამბობ, რომ რადგან პასუხისმგებლობა აქვს ერთ უწყებას, ის ყველაზე მეტად დაინტერესებულია, რომ ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს, სახალხო დამცველს კი არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ წარმოადგინოს შეფასება.
არ ვიცი, ექიმების კონსილიუმის მიერ წარმოდგენილი დასკვნა სუბიექტურია თუ არა, თუმცა იქ შემავალი ადამიანების სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი, მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნა დადეს“, – ამბობს ბექა დავითულიანი „TV პირველთან“.
გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობისა და ჯანმრთელობის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ – ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიას, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, აქვთ ინტერესი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკიდან გამოიხსნან.
გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.
დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.