ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. ორს 10-10 წლით, ერთს კი 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.
„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს. სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა სამივე პირი იმავე დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ”, – ნათქვამია განცხადებაში.