ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცველი ვამხილეთ - საგამოძიებო

პუბლიკა

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამეგრელოში მოქალაქეზე ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა.

აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე 2024 წლის 10 აგვისტოს ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კერძოდ, სამართალდამცავმა და მისმა ოჯახის წევრმა მათი მეზობელი-დაზარალებული დააგდეს მიწაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა სისხლმდენი დაზიანებები მიიღო. ამასთან ძალადობის შემდეგ, ბრალდებული დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, თუ ეს უკანასკნელი აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებაში განაცხადებდა“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველსა და მისი ოჯახის წევრს ბრალდებები წარედგინათ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 (პრიმა) ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.