შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას.
შსს-ს ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში დააკავეს 7 ადამიანი.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
„პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 7 პირი დააკავა: 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც., ასევე წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.“
ეს მუხლები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებს შსს.
ამ სისხლის სამართლის საქმის გარდა შსს იძიებს სხვა სისხლის სამართლის საქმესაც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი.
გარდა ამისა, შსს ადმინისტრაციული წესით აქციებზე აკავებს ათობით ადამიანს.