შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს.
„მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა მანჩო გიორგობიანმა გუშინ, 4 ნოემბერს „ოცნების“ შს მინისტრთან გეკა გელაძესთან დაკავშირებით მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. გიორგობიანი გელაძეს „ჰაერში აწევით“ ემუქრებოდა.
მოგვიანებით მანანა გიორგობიანის პოსტი მის Facebook-გვერდზე აღარ იძებნებოდა.
„გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს-ს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან!!!!” – წერდა ოცნების პროპაგანდისტი. გიორგობიანი აღნიშნავდა, რომ პოლიციამ მისი ძმა შეაჩერა, რომელსაც მედიკამენტები მოჰქონდა. „ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში!!!! ტყვიას ტყვიაში ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან ხილიანსკი!!!”, – წერდა გიორგობიანი და იმუქრებოდა, რომ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ქუჩაში გამოვა და სტრატეგიულ ობიექტებს შტურმით აიღებს.