ამერიკელი სენატორს ჯიმ რიშის განცხადებას, რომ წუხს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ეხმაურება.
ვოლსკის თქმით, ჯიმ რიშმა „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, რაც მისი თქმით, რიშს „კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს“.
„რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რასაც ჯიმ რიში თავის განცხადებაში აღნიშნავს, ეს იყო იმის მიზანი, რაც დღემდე ხდებოდა.
ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ოპერატორის გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა.
რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ესეც მგონია გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი შეთაბეჭდილება შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს ჯიმ რიში აშშ-ის სენატში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეთა კანდიდატურების მოსმენისას შეეხო.
„სულ უფრო და უფრო მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. გასულ კვირაში 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა. 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ კი რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნეს.
სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას ამ კუთხით და არაერთი დისკუსია გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების დასაყენებლად“, – მიმართა რიშმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატს.