ჯინ შაჰინი: ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის

პუბლიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მიესალმება.

შაჰინი წერს, რომ კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“ ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის. „ეს არ არის მოკლევადიანი შედეგი”, – ამბობს შაჰინი.

„მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, – წერს სენატორი სოციალურ ქსელ X-ში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის გუშინ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა – ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა  განაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.