ჯო ბაიდენი გამარჯვებასთან ახლოსაა, ტრამპი იურისტებს მიმართავს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს.

აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, 72 მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა. The New York Times-ის მიხედვით, ბაიდენმა 22 შტატსა და კოლუმბიის ოლქში გამარჯვება უკვე მოახერხა და საარჩევნო კოლეგიაში 253 დელეგატი ჰყავს.

„რესპუბლიკელების“ კანდიდატსა და მოქმედ პრეზიდენტს კი ამ დროისთვის 68 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. დონალდ ტრამპმა 23 შტატში გაიმარჯვა და საარჩევნო კოლეგიაში 214 დელეგატი ჰყავს.

The New York Times-ის მიხედვით, გამარჯვებული ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი რამდენიმე შტატში. თუმცა, ჯო ბაიდენი ძალიან ახლოსაა არიზონაში გამარჯვებასთან, რაც მას დამატებით 11 დელეგატის გაყვანის შესაძლებლობას მისცემს. ამერიკული მედიის ნაწილი, წინასწარი მონაცემებით, ბაიდენს არიზონაში უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს. შესაბამისად, მისი დამატებით ბაიდენს უკვე 264 დელეგატი ეყოლება.

ასევე, ჯო ბაიდენი ლიდერობს ნევადის შტატში. ნევადაში ორ კანდიდატს შორის სხვაობა მცირეა, მაგრამ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, „დემოკრატების“ კანდიდატი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ნევადის შტატში კი, ტრადიციულად, „დემოკრატები“ იმარჯვებდნენ, მათ შორის, 2016 წელსაც, როცა საბოლოო ჯამში პრეზიდენტის სავარძელი „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა დაიკავა.

დანარჩენი შტატებიდან დონალდ ტრამპი დიდი სხვაობით იგებს ალასკის შტატში და 3 დელეგატსაც შეიყვანს საარჩევნო კოლეგიაში. დონალდ ტრამპი ლიდერობს პენსილვანიაში, ჯორჯიასა და ჩრდილო კაროლინაშიც, მაგრამ ამ შტატებში მასსა და ბაიდენს შორის სხვაობა მცირდება. ამ სამ შტატს, ჯამში, 51 დელეგატის გაყვანა შეუძლია.

ასე რომ, ტრამპს იმ შტატების გარდა, რომელშიც ლიდერობს, ნევადაში გამარჯვებაც სჭირდება და რადგან ბაიდენი ნევადაში ისედაც ლიდერობს, ხოლო პენსილვანიასა და ჯორჯიაში ბოლო პერიოდში დათვლილი ხმების დიდი ნაწილიც მას ეკუთვნის, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთანაც „დემოკრატების“ კანდიდატი უფრო ახლოსაა.

დონალდ ტრამპი კი ამტკიცებს, რომ „დემოკრატებმა“ მას არჩევნები „მოპარეს“ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ტრამპის განცხადებით, ის იურისტებთან ერთად უისკონსინში ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს, ასევე სამართლებრივ ზომებს მიმართავს პენსილვანიასა და ჯორჯიაშიც. ტრამპი მოითხოვს, რომ პენსილვანიაში ხმის დათვლის პროცესი შეჩერდეს, ჯორჯიაში კი საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ ფოსტით მიღებული ხმების ცალკე დათვლას მოითხოვს.

ასევე, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა საჩივარი შეიტანა მიჩიგანის შტატის სასამართლოშიც და მოითხოვა, რომ გააცნონ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლის პროცესი. ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათ დამკვირვებლებს არ მიეცათ საშუალება, ხმების დათვლის პროცესს ყველგან დაკვირვებოდნენ.

წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მილიონობით ადამიანმა ხმა ფოსტის საშუალებით მისცა. როგორც The New York Times წერს, სწორედ ამის გამო მოსახლეობის ნაწილმა ხმა უბნების გახსნამდე მისცა, მაგრამ ფოსტით გაგზავნილ ხმებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგაც ითვლიან. შესაბამისად, ამან იმოქმედა ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურებაზეც. თანაც, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფოსტით, როგორც წესი, ხმას „დემოკრატების“ მხარდამჭერები აძლევდნენ და ე.წ. მერყევ შტატებშიც ჯო ბაიდენის გვიან დაწინაურებაზე ამანაც იმოქმედა.

დონალდ ტრამპს მარცხის საფრთხე უისკონსინსა და მიჩიგანში დამარცხებამ შეუქმნა. 2016 წელს „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა ამ შტატებში გამარჯვება მოახერხა, ამ არჩევნებში კი მიჩიგანი და უისკონსინი „დემოკრატებმა“ „დაიბრუნეს“. შედეგად, 26 დელეგატი, რომელიც 2016 წელს ტრამპს უჭერდა მხარს, ახლა ბაიდენს ეკუთვნის.

2012 წელს ბარაქ ობამამ მიჩიგანისა და უისკონსინის გარდა, გაიმარჯვა აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთის სხვა შტატებშიც: აიოვაში, ოჰაიოსა და პენსილვანიაში. 2016 წელს ამ შტატებში გამარჯვება უკვე ტრამპმა მოახერხა. აიოვისა და ოჰაიოს შენარჩუნება 2020 წელსაც შეძლო, ჯერჯერობით, ლიდერობს პენსილვანიაშიც. ტრამპმა შეძლო ფლორიდის შენარჩუნებაც, რომელიც მანამდე ობამას ჰქონდა მოგებული.

სამაგიეროდ, დიდი ალბათობით „დემოკრატებისკენ“ გადაიხრება არიზონა, რომელიც „ამერიკის ხმის მიხედვით“ 1996 წლის შემდეგ ყოველთვის „რესპუბლიკელების“ კანდიდატს უჭერდა მხარს. ფენიქსში, არიზონის ცენტრში ტრამპის მომხრეებმა წუხელ საპროტესტო აქციაც გამართეს და არჩევნების წინასწარი შედეგები გააპროტესტეს.