ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ, კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან.

„როდესაც ვუახლოვდებით რუსეთის სასტიკი შეჭრის წლისთავს უკრაინაში, მე დღეს ვარ კიევში, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი – დაყოფილი. მას ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებდა, მაგრამ ის ძალიან შეცდა.

გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით – და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“, – გამოქვეყნდა განცხადება პრეზიდენტ ბაიდენის ტვიტერზე.

ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და კიევში სარაკეტო იერიშს მოელიან.

თეთრ სახლს ბაიდენის კიევში ვიზიტზე დღემდე არაფერი უთქვამს. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ 20-22 თებერვალს ბაიდენი პოლონეთში გეგმავდა ოფიციალურ ვიზიტს, სადაც ის პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას უნდა შეხვედროდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ რამდენიმე დღის წინ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტი არ იგეგმებოდა.

„ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები ლიდერობს მსოფლიოში შეტანილი წვლილით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ერთობლივი მხარდაჭერა, მეტი დახმარების მობილიზება უკრაინისთვის, თუმცა არ იგეგმება, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინაში ჩავა“, – თქვა კირბიმ 17 თებერვალს.

დღეს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრიი მელნიკმა კი განაცხადა, რომ „სიურპრიზი მზადდებოდა“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრესიის, ფართომასშტაბიანი აგრესიის წლისთავის წინ ვიგრძნოთ და დავინახოთ არამხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, არა მხოლოდ სოლიდარობა, არამედ კიდევ უფრო მეტი დახმარება, ვიხილოთ ჩვენი მნიშვნელოვანი, მთავარი პარტნიორები კიევში“, – თქვა მელნიკმა.