ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ამჟამად რობინ დანიგენი ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მანამდე, 2018-2021 წლებში, დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
რობინ დანიგენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და თავისი კარიერის მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
მას დიპლომატიური კარიერის განმავლობაში უმუშავია ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში აშშ-ის საელჩოებში.
დანიგენმა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმარტულებით „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. ასევე მაგისტრის ხარისხს ფლობს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და აქვს ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. დანიგენი საუბრობს ინგლისურ, ასევე ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.