ჯონსონი: თუ უკრაინა დამარცხდება, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით

პუბლიკა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთის საფრთხის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ამას უფრო მეტად იგრძნობს საკუთარ საზღვრებთან.

„თუ უკრაინა დამარცხდება, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით ჩვენს საზღვრებთან, ევროპის კონტინენტის საზღვრებთან, სადაც დემოკრატიები რუსეთს ეჯახებიან. ეს იქნება ბალტიისპირეთში, ეს იქნება საქართველოში. უკრაინის მარცხის გავლენას ნახავთ წყნარ ოკეანესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც.

იმას ვამბობ, რომ როცა ხალხი ფიქრობს: „რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინელებს?“, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება მნიშვნელოვნად იკლებს ევროპის ყველა ნაწილში რუსული საფრთხის ზრდის გამო, რის შემდეგაც ფასის გადახდა უკრაინის დასაცავად ბრიტანული ჯარების გაგზავნით მოგვიწევს“, – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონმა პუტინი შეადარა ჰიტლერს და განაცხადა, რომ როცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მყოფ რუსულად მოსაუბრე ხალხის დაცვაზე საუბრობს, ის ზუსტად ჰიტლერის არგუმენტს იმეორებს.

„როცა პუტინს ვუსმენ, რომელიც ლაპარაკობს უკრაინაში რუსულად მოსაუბრე ხალხზე და ქვეყნის დაპყრობის საჭიროებაზე, ჰიტლერის ხმა მესმის. ზუსტად მსგავსი არგუმენტებია”, – განაცხადა მან.