ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - CNN

პუბლიკა

CNN-ის ინფორმაციით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ციხიდან მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ ის აღარ არის ჩვენს პატიმრობაში“ – განაცხადა მინესოტას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპიკერმა CNN-თან.


ყოფილ პოლიციელს, რომელიც დაკავებულ ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლით აწვებოდა, ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. დერეკ შოვინს თავდაპირველად ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობასა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ედებოდა. მოგვიანებით კი, ბრალი დაუმძიმდა და მას მეორე ხარისხის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

ბრალი წაუყენეს იმ სამ პოლიციელსაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისა და მეორე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების წახალისებასა და ხელშეწყობაში ედებათ. როგორც CNN წერს, მინესოტას გენერალური პროკურორი კეიტ ელისონი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.

შემთხვევა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, 25 მაისის საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციელის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.