„ჯორჯ კენტი არ ეთანხმება, რომ „ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის პუწინის მონა“ - პაპუაშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯორჯ კენტის გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ ის საჯაროდ არ ეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, მედიის ნაწილსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ამომრჩეველი რუსეთის აგენტები არიან.

„ჯორჯ კენტი სენატის წინაშე საჯაროდ არ ეთანხმება

  • „ნაციონალური მოძრაობის“
  • „ევროპული საქართველოს“
  • „ლელოს“
  • „სტრატეგია აღმაშენებლის“
  • „გირჩი – მეტი თავისუფლების“
  • „ტვ მთავარის“
  • „ტვ პირველის“
  • „ტვ ფორმულას“
  • „სირცხვილიას“
  • თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…

ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავისი მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი რუსი მოდის და არიქა, ხალხო, დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (…რაღაცა მაინც, ვიღაცისგან მაინცო).

ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო. P.S. იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან“, – წერს პაპუაშვილი. [სტილი დაცულია].


23 მარტს შეერთებული შტატების სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“.

მომხსენებელ ჯორჯ კენტის სენატორი ჯინ შაჰინი შეეკითხა, რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს აშშ იმ ბრალდებების გამო, რასაც ბიძინა ივანიშვილს უყენებდნენ, როცა ამბობდნენ, რომ ის ახლოსაა რუსეთთან და რუსეთისგან იღებდა დავალებებს.

კენტმა განაცხადა:

„ჩემი აზრით, სრულიად ნათელია, რომ [დასავლური კურსი] არა მხოლოდ ქართველების სამი მეოთხედის არჩევანია, არამედ ეს თანმიმდევრულად იყო „ქართული ოცნების“ მთავრობების არჩეული მიმართულებაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით – ივანიშვილის ოფიციალურ რანგში, როგორც პრემიერ-მინისტრისა, და არაოფიციალურ რანგში, როგორც დამფუძნებლისა“.

კენტის აზრით, ღარიბაშვილის და ქართველების საუბრებიდან ჩანს ერთგულება არჩეული გზისადმი.

„ამ მოსმენის ყურადღების ცენტრში ისაა, რამდენად ერთგული არიან ისინი იმ ღირებულებებისა, რომლებიც წაიყვანს ამ გზაზე, ვინაიდან ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, არამედ ესაა თანამეგობრობა, რომელშიც საერთო ღირებულებები აქვთ“.