„ევოლუშენი": გავრცელებული მიმოწერები მიუღებელია, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს

პუბლიკა

„ევოლუშენ ჯორჯია“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“.

„გაცნობებთ, რომ დასრულდა შიდა მოკვლევა რომლის შედეგების გაზიარებამდეც, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევოლუშენის ქცევის კოდექსსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს.

თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. ამდენად, მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას.

კომპანიისთვის მიუღებელი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში ვიმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ევოლუშენის ღირებულებების მოთხოვნათა დაცვით.

ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გარდა, ასევე ვიღებთ პროაქტიულ ზომებს კომპანიის თითოეულ თანამშრომელში ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების გასაძლიერებლად. მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების გაძლიერებას, რომელიც შექმნილია პოზიტიური და პატივისცემაზე დამყარებული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.

დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

2024 წლის 20 მაისს პროფკავშირმა „ლაბორიმ” მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ.

თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალური ურთიერთობისასაც იგივენაირი დამოკიდებულება აქვთ.