დღეს, 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს.
სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს.
„ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა.
„აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.
საიტზე booking.azimuth.aero მომხმარებელს შეეძლო ქვეყნის გრაფაში აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი მიეთითებინა – გუშინ, 15 მაისს, ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები კომპანიის საიტზე აღარ იძებნებოდა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines 2022 წლის 19 ოქტომბრიდან უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაშია. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.
უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერის მქონე პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული:
„კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
თბილისში ფრენების ნებართვის გაცემას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. პუტინის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს საქართველოს მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, განიხილოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი.