„ჯორჯიან მანგანეზი" ცდილობს, შუქრუთელები და დასაქმებულები დააპირისპიროს - NGO-ები

პუბლიკა

EMC და საია ეხმაურებიან შპს „ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებას  ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო, 2020 წლის 17 თებერვლიდან კომპანიის მაღაროების ფუნქციონირება შეჩერებულია და შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან 20 მარტის ჩათვლით დასაქმებულები მოცდენის პერიოდში არსებული ანაზღაურების მხოლოდ  60%-ს მიიღებენ. დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულ პერიოდში, ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევაში კი მათი ანაზღაურება 100% იქნება. 20 მარტიდან აპრილის ბოლომდე, დასაქმებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღურების მხოლოდ 60%-ს მიიღებენ.

EMC და საია მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებს, წარმოადგენს შუქრუთის მოსახლეობისა და კომპანიაში დასაქმებული ადამიანების დაპირისპირების აშკარა მცდელობას და სახელმწიფოს მიერ კომპანიის სალიცენზიო პირობებზე სათანადო მონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგია.

გაეცანით განცხადებას სრულად ბმულზე;