„ჯორჯიან მანგანეზი“: გაფიცულთა ნაწილთან შეთანხმება შედგა

პუბლიკა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, გაფიცული მაღაროელებიდან „ჯი ემ ტექნიკა“ სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ის მაღაროელები, რომლებიც კომპანიის პირობებს დაეთანხმნენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები.

კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. შპს  „ჯორჯიან მანგანეზი“ 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას.

„ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს:

  • მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას.
  • ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით.
  • ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3 250 ლარს.
  • ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას.

ამ პირობებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან , დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან“, – აცხადებს კომპანია.

მაღაროელები, რომლებიც კომპანიის პირობებს არ ეთანხმებიან, გაფიცვას აგრძელებენ.

დაახლოებით, 3000-მდე მაღაროელი 23 აპრილს გაიფიცა.

ისინი ხელფასის 50%-ით მატებას მოითხოვენ და მათთვის 250-ლარიანი მატება დამაკმაყოფილებელი არ არის.