„ჯორიან მანგანეზი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. კომპანია განცხადებაში წერს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციულ დიალოგშია.
„კომპანია ჯორჯიან მანგანეზი კიდევ ერთხელ გამოთქვამს უდიდეს სურვილსა და მზაობას, გააგრძელოს მოლაპარაკებები ჭიათურის საწარმოების იმ თანამშრომლებთან, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
ჩვენთვის ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ისინი ვინც წარმოების განახლებას ელოდებიან და ისინი ვისთვისაც შეცვლილი სამუშაო გრაფიკი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
გთხოვთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე. დღეს ჭიათურის საწარმო გარდაუვალი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. ამ ვითარებაში ჩვენს შორის ურთიერთნდობის აღდგენა უმთავრესია.
კომპანია ღიად ასაბუთებს ჭიათურის საწარმოების ზარალიანობას, მაგრამ მზად არის ჭიათურისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. რისთვისაც თქვენი ჩართულობა და ორმხრივი კომპრომისი უმნიშვნელოვანესია.
გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე. ის დაძაბული ვითარება, რომელიც დღეს ჭიათურაშია გვაზიანებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ჭიათურას, რადგან ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენც მზად ხართ მოლაპარაკების რეჟიმში დასაბრუნებლად. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა. ყველას გვსურს, განახლდეს წარმოება და დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ადგილებს.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
————————-
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.
ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.
„ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.