„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთელების დისკრედიტაციის მიზნით მათ პროტესტს არასამთავრობოებს და პარტიებს უკავშირებს

პუბლიკა

„ჯორჯიან მანგანეზის“ დაქვემდებარებაში მყოფი Chiatura Management Company მოშიმშილე შუქრუთელების დისკრედიტაციის მიზნით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მათ პროტესტს „რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში მყოფი არასამთავრობოების“ მიერ მართულს უწოდებს..

„ცალსახაა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის მიერ კომპანიის მიმართ წარმოებული ქმედებები გასცდა ურთიერთობის ცივილურ ფორმებს და სახეზეა ღია შანტაჟი, ხოლო მომიტინგეებისა და მათთვის დავალებების მიმცემი ადამიანების მიერ, ყოველდღიურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უკვე კომპენსირებული შუქრუთელების მიმართ ემპათიას იწვევს“, – წერს კომპანია.

კომპანია პროტესტის ხელმძღვანელებს „რადიკალურ ჯგუფს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს ჯგუფი „სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ.“

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებით კომპანია ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებზე იწვევს საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რადიკალური პროცესები სცდება კომპანიასა და მოსახლეობას შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობას და ემსახურება წინასაარჩევნოდ, სოციალური თემით მანიპულირებით პოლიტიკური ქულების დაწერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია.

ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.

თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.