შპს „ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით გამოვლინდა კომპანიის ადმინისტრაციული და სხვადასხვა საწარმოო რგოლის ხელმძღვანელი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები, რომლებიც მნიშვნელოვან მატერიალურ და ფინანსურ ზიანს აყენებდნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“.
კომპანიის განცხადებით, ამ თანამშრომლების მიერ კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით მატერიალური ფასეულობების მითვისება და ასევე, კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების არამიზნობრივი გაფლანგვა ხდებოდა.
„მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გამოვლენილი იქნა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კომერციული სამსახურის კოორდინატორი, ბუღალტერ-მესაწყობე, ამწეს მემანქანე, მძღოლი, გამამდიდრებელი ფაბრიკა 29-ის უფროსი და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მოქალაქე, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებულად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს შპს „ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი, ორგანიზაციის საწარმოების გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობები, რამაც კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებაში ასევე წერია, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი, დაზარალებული მოსახლეობისათვის გამოყოფილი საკომპენსაციო დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად იკავებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის განმსაზღვრელი კომისიის თავმჯდომარის პოზიციას.
„კერძოდ, მისი მითითებით, სრულიად უსაფუძვლოდ ზარალის განმსაზღვრელი კომისიის მიერ შედგენილი იქნა ზარალის ანაზღაურების აქტი და გაიცა დიდი ოდენობით ფულადი კომპენსაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში მდებარე ისეთ საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე გაცემული იყო ზარალის ანაზღაურების თანხა“, – წერს „ჯორჯიან მანგანეზი“.
როგორც კომპანია აღნიშნავს, აღნიშნული ქმედებით, ნაცვლად იმისა, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხები მოხმარებოდა რეალურად დაზარალებულ მოსახლეობას, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა შპს „ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი ათეულ ათასობით ლარი, რამაც კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა.