„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს უვადო გაფიცვას იწყებს

პუბლიკა

„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს, 12 საათიდან 24-საათიან გაფიცვას იწყებს. ამის შესახებ დღეს პროფკავშირ „ლაბორის” თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ დასაქმებულებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თანამშრომელთა თქმით, გაფიცვის მიზეზი მათი უფლებების, მათ შორის შრომითი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებია, აგრეთვე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები.

დიასამიძის თქმით, ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად გაფიცვას 5000-მდე პირი შეუერთდება. ცნობილია, რომ სულ „ევოლუშენ ჯორჯიაში” 8000-მდე თანამშრომელი მუშაობს.

„უკვე 2 წელია პროფკავშირი „ლაბორი“ და მის შემადგენლობაში მყოფი „ევო-კავშირი“, რომელიც დაფუძნებულია „ევოლუშენში” დასაქმებულებისგან, აწარმოებს მოლაპარაკებებს ღირსეული შრომითი უფლებებისთვის „ევოლუშენ ჯორჯიაში”.

ცნობილია, ალბათ, ის ე.წ. სქრინები, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა და ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში, რაც თქვენ „სქრინებში” წაიკითხეთ. „ევოლუშენი“ ოპერირებს იმით, რომ ეს არის პირველი სამუშაო სივრცე, თუმცა, რეალურად ეს არის სტუდენტების ექსპლუატაციის სივრცე და ეს უნდა გამოასწოროს ამ საზოგადოებამ.

ჩვენ 12 ივლისს, 12:00 საათზე ხელფასების გაზრდის მოთხოვნით და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის ვაპირებთ უვადო სრულმასშტაბიან გაფიცვას „ევოლუშენში”, პრობლემებისა და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე. მანამ, სანამ ამ ადამიანებს არ ექნებათ ღირსეული შრომითი უფლება და არ იქნება აკრძალული სექსისტური, რასისტული და დისკრიმინაციული როგორც განცხადებები, ასევე მოპყრობა. მოვუწოდებთ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ”, განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

როგორც დასაქმებულები აღნიშნავენ, მათ სტრესულ გარემოსა და ანტისანიტარიაში უწევთ მუშაობა, რაზეც დამსაქმებელს რეაგირება არ აქვს.

„ძალიან სტრესული გარემოა, შენობაში არავითარი ფანჯრები არ არის, ამ ბოლო დროს გავრცელდა კანის დაავადებები, არის ანტისანიტარია და ყოველ ზაფხულს მწერების პრობლემა. ხელმძღვანელობას არავითარი რეაგირება არ აქვს და არ აპირებს ამ ყველაფრის გამოსწორებას. ჩვენ გვქონდა მედიაცია და მათი მხრიდან განცხადებები იყო ცინიკური, თითქოს ეს პრობლემები და წებოს სუნის გამო საავადმყოფოში გადაყვანილი თანამშრომლები არ არსებობს, ძალიან კარგი ანაზღაურებაა და ყველაფერი რიგზეა.

ამ ყველაფრის შესაბამისად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ჩვენ ამ პირობების გაუმჯობესებას მოვთხოვთ ხელმძღვანელობას“, – ამბობს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელი, მახარე პატაშური.

დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

2024 წლის 20 მაისს „ლაბორმა“ მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ.

დასაქმებულების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალურ ქსელში მენეჯერების მიმოწერები გავრცელდა, რომელშიც დასაქმებულებისადმი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩანს.

კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გავრცელებული მიმოწერა მათთვის „კატეგორიულად მიუღებელია”. მათი თქმით, „დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მივიღოთ უმკაცრესი ზომები. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა თანამშრომელი იცავს და პატივს სცემს ჩვენს საერთო ღირებულებებს”.

„ყველაფერს ვაკეთებთ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველსაყოფად, თუმცა 8000-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდში, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება გამოწვევები თანამშრომლების გაკონტროლებასა და მიუღებელი ქმედებების დროულად გამოვლენასთან დაკავშირებით.

თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.